მედიას ვერ შეაშინებენ: ჟურნალისტები კოლეგებზე ძალადობას აპროტესტებენ
მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იშვიათად იხსენებენ ისეთ აგრესიასა და შემოტევას პოლიციის და სპეცრაზმის მხრიდან, როგორც ეს 28-29 ნოემბრის ღამით, საპროტესტო აქციაზე ხდებოდა, სადაც არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის - რადიო თავისუფლების რეპორტიორებიც.
ტელეკომპანია “ფორმულის” ჟურნალისტის, სოფიო ხუნწარიას სიტყვებით, გუშინ იყო მედიის დაშინების კიდევ ერთი მცდელობა, თუმცა ხელისუფლება ასე ფონს ვერ გავა:
“ცხვირში მოგვარტყეს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს პოზიციებს. არ დავდებთ ჩვენს მიკროფონებს”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გუშინდელი აქციის დროს ძალოვანებს განსაკუთრებით ჰყავდათ მიზანში ამოღებული კრიტიკული მედიის ჟურნალისტები და მათ საგანგებოდ უსწორდებოდნენ. თუმცა, როგორც ჟურნალისტი თიკო ერაძე შენიშნავს, ეს პროფესია მეტი არაფერია თუ არა სიმართლის თქმა და სწორ მხარეს დგომა. ხოლო ამ პროფესიაში ყოფნას, მისი თქმით, არა აქვს აზრი, თუ მედია სიმართლის სამსახურში არ იქნება.
“შსს-ში ბევრი ყოფილი ჟურნალისტი მუშაობს და მათ იციან, რა არის ჩვენი მუშაობის ფასი. იციან, რომ ასე ჟურნალისტებს ვერ შეაშინებენ. ერთი თუ დაეცა, მეორე აგრძელებს მუშაობს და ასეა სულ”, - ამბობს ჟურნალისტი რატი მუჯირიც.
რესპუბლიკის მოედნიდან ჟურნალისტები აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტისკენ, სადაც დღესაც, 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
28-29 ნოემბრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.
საპროტესტო ტალრა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მას შემდეგ აგორდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. 29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო.