რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ - „ქართული ლეგიონი“
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ აცხადებს, რომ ცნობები, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა.
„რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“, - წერია „ლეგიონის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია“, - წერს „ქართული ლეგიონი“.
„ქართულ ლეგიონს“ მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.
განცხადების თანახმად, „ქართული ლეგიონი“ 2014 წლიდან „მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას“: „ჩვენი თავდადება უკრაინის გამარჯვებისთვის ურყევია და ჩვენ დავრჩებით ფრონტის ხაზზე მანამ, სანამ ეს მიზანი არ მიიღწევა“.
„ქართული ლეგიონის“ განცხადება პლატფორმა X-ზე გააზიარა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დაწერა:
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც ოფიციალურად უარყოფს ყალბ ცნობებს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ქართველი ჯარისკაცები გეგმავდნენ, [საქართველოში] პროტესტს შეერთებოდნენ. ცარიელი პროპაგანდა. ერთადერთი ომი არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მეხუთე დღეა გრძელდება საქართველოში. გრძელდება სპეცრაზმთან დაპირისპირება.
დემონსტრანტები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მორიგ მტკიცებულებად მიიჩნია.