ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას
ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური
პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს [ალი ბაბაევს - რ.თ] თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო' - ნათქვამია შსს-ს პრესრელიზში.
ალეკო ელისაშვილთან ერთად თავისუფლების მოედანზე დააკავეს ზურაბ დათუნაშვილიც, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი და ჩემპიონი ჭიდაობაში.
4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყო.
კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავეს.
ხოლო "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე ჩატარდა 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები.
ალეკო ელისაშვილს 1 მაისს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. იგი პოლიციამ 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზეც სცემა. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახესა და სხეულზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო, თუმცა დამნაშავეები ამ გამოძიებას არ უპოვია და არც საზოგადოებისთვის მიუწვდია საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ.