უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს
ზელენსკის განცხადებით, სანქციები მიმართულია 19 პირის წინააღმდეგ, რომლებიც „საქართველოს პუტინს აბარებენ“ და რის გამოც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებია.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, სანქციები გამოიყენეს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებს ყიდის. ზელენსკიმ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს მოუწოდა, ანალოგიურად და პრინციპულად იმოქმედონ.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, უკრაინამ სანქციები დაუწესა:
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის მამას გიორგი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, იუსტიციის და კულტურის ყოფილ მინისტრს, დეპუტატ თეა წულუკიანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს და ამავე სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს.
სანქცირებული არიან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი ირაკლი რუხაძე, კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური და რეჟისორი გიორგი ხაინდრავა.
უკრაინის სანქციების ქვეშ მოხვდნენ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, და „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და ვიქტორ ჯაფარიძე.
საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის ხელყოფისთვის 2 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს ევროკავშირის და ნატოს წევრმა ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ. მათ ამ პირებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის და საქართველოს მთავრობებს შორის ურთიერთობები დიდი ხანია შეყვეტილია. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პერიოდულად კონტაქტი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში, 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლის და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩის, იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი ის თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.
2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის მოქალაქის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
2024 წლის სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ საქართველოდან გაიწვია დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი.