ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი შექმნა
ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს, ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი შექმნა.
გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადეს პრესკონფერენციაზე, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლაშა ბაქრაძემ, „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა თეონა აქუბარდიამ გამართეს.
გამოცხადდა, რომ დღეიდან ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საზოგადოებას ოპოზიციისგან მუდმივად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას და შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მოქალაქეებზე ხელისუფლების ძალადობა და დაკავებები აჩვენებს, რომ „უკანონო რეჟიმი არის საკუთარი ლპობის ფინალურ სტადიაზე”. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი საჯარო მოხელე ხელისუფლების პოლიტიკას უკვე გაემიჯნა, და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებს.
ცუცქირიძემ პოლიციელებს მიმართა, რომ მათი მოვალეობა მოქალაქეების დაცვაა და არა ერთი პარტიის, ამიტომ ნუ მიიღებენ მონაწილეობას „არალეგიტიმური რეჟიმის უკანონო ბრძანებების განხორციელებაში და ქართველი ახალგაზრდების დასახიჩრებასა და რბევაში”.
ოპოზიცია შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ პოლიტიკურ გამოსავლად ახალ არჩევნებს მიიჩნევს და „ქართულ ოცნებას” მიმართავს, ეს ნაბიჯი რაც შეიძლება სწრაფად გადადგას.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
შსს-ს სპეცრაზმელები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად იყენებენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს. პოლიცია ფიზიკურად უსწორდება და აკავებს არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროტექნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.