პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისთვის ჟურნალისტები მედლებით დააჯილდოვა
მედლების გადაცემის საზეიმო ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
დაჯილდოებამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, სამოქალაქო თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღეს ჟურნალისტები არიან ბრძოლის წინა რიგებში და მშვიდობიანად იბრძვიან თავისი დენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისა და სარწმუნოებისთვის.
„თქვენ დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აიღეთ თქვენს ხელში არა მხოლოდ კამერა და არა მხოლოდ მიკროფონი, თქვენ ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ თქვენ ჩაიწერებით, როგორც დღევანდელი დღის ეპოქის გმირები, იმიტომ, რომ ადვილი არ არის მიხვიდე იქ, სადაც არიან მხეცები, მათ წინაშე დადგე და გაბედო, კითხვებიც დაუსვა; იყო იქ, სადაც გაზს უშვებენ, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად; როცა ჟურნალისტებს მართლა ფეხქვეშ თელავენ და ეს არ არის ფორმულა, ეს არის რეალობა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მედია არის ფანჯარა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ხედავენ, რა ხდება.
„თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, მათ არ ეცოდინებათ რა ხდება და თუნდაც, პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც გაშლილია რამდენიმე ქალაქში, არ გვეცოდინებოდა რომ ქვეყანა დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ.
ასე რომ, თქვენი ყოფნა და თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს, ხვალ და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდნენ ტელევიზიებისა და ონლაინგამოცემების ჟურნალისტები:
ჯონი ბაკურიძე; სერგი ბარამიძე; ნუცა ბახუტაშვილი; დავით ბერაძე; დავით ბიჭიკაშვილი; სალომე ბოკუჩავა; ნიკა ბუჩაშვილი; მინდია გაბაძე; მარიამ გაფრინდაშვილი; რუსუდან დუმბაძე; აკაკი ზარქუა; ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი; მალხაზ კანდელაკი; დავით კობიძე; ნიკოლოზ კოკაია; ანა ლომთაძე-მდივანი; მარიამ მაკასარაშვილი; დეა მამისეიშვილი; მიხეილ მარტიაშვილი; მირიან მელაძე; გივი მჭედლიშვილი; მარიამ ნიკურაძე; გურამ როგავა; დავით ქაშიაშვილი; ნანუკა ქაჯაია; ალექსანდრე კეშელაშვილი; გენადი ქვაჩახია; ბექა ყორშია; გიორგი შეწირული; მაკა ჩიხლაძე; ქეთევან ციცქიშვილი; პავლე ხაჩიძე; ირინა ყურუა; ბესო გაფრინდაშვილი.
„ვერ ვაჯილდოებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, რადგან მათი ეთიკის წესები ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, – დაამატა დაჯილდოების დასასრულს ზურაბიშვილმა.
დაჯილდოებაზე მისულ ჟურნალისტების ნაწილს აქციებზე დაშავების კვალი ეტყობოდათ.