ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს „რუს მარიონეტ პრეზიდენტს" უწოდებს
"სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI,“, - წერია გამოქვეყნებულ პოსტში.
„ქართული ოცნების“ მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა გააკრიტიკეს ევროპელმა პოლიტიკოსებმაც, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი და სხვები.
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით მხოლოდ სამმა ლიდერმა - სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მიულოცა.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. 26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და დემონსტრანტები, რომლებიც 28 ნოენბრიდან ყოველდღიურ აქციებს მართავენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.