ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთოს სპეციალური მისიის გამოგზავნას სთხოვს - რა არის „მოსკოვის მექანიზმი“
ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ამ ინიციატივაზე 19 დეკემბერს საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
პარტიები ეუთოსა და მის „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ სთხოვენ, „აამუშაოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც პირველად 1991 წელს იქნა გამოყენებული“.
მათი განმარტებით, ეს „გულისხმობს, ეუთომ გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში არჩევნებზე დარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ამ ქვეყანაში“.
ეუთოსადმი პარტიების მეორე თხოვნაა, სპეციალურმა მისიამ შეისწავლოს „ძალადობრივი ფაქტები, რასაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“.
ეს პარტიები არიან:
„კოალიცია ცვლილებისთვის";„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;„ძლიერი საქართველო“;„გახარია საქართველოსთვის“.
რა არის „მოსკოვის მექანიზმი“ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, მიიღეს 1991 წელს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
1990-იანი წლებიდან დღემდე „მოსკოვის მექანიზმი“ 15-ჯერ გაააქტიურეს, მათ შორის:
ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 14 წევრი ქვეყნის მოთხოვნით;1999 წელს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა რუსეთის ფედერაციამ ნატოს სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ყოფილ იუგოსლავიაში;ასევე, 2018 წელს 16-მა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთში, კერძოდ კი ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვითარების გამოსაძიებლად.მექანიზმი ამოქმედდა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
არჩევნების მეორე დღეს წინასწარი დასკვნა წარადგინა ეუთო/ODIHR-მა. საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ოპოზიციური პარტიების გარდა, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
22-ე დღეა, ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება.