ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა
ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში ჩაიძირა რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, რომელიც, სავარაუდოდ, სირიისკენ მიემართებოდა, რუსული სამხედრო ბაზიდან პერსონალის და ტექნიკის ევაკუაციის მიზნით.
გემის ჩაძირვის შესახებ ესპანეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს, 24 დეკემბერს, წერს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედიაზონა“. გემი ესპანეთის ქალაქ აგილესსა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა.
ესპანური გამოცემა La Verdad-ის ინფორმაციით, მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს. ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი დაკარგულად ითვლება. გამოცემის წყაროთა ცნობით, ჩაძირვამდე გემზე აფეთქება მოხდა.
„მედიაზონა“ წერს, რომ გემი 11 დეკემბერს პეტერბურგიდან გავიდა და ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდა. Ursa Major-ი, რომელიც რუსეთის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანია „ობორონლოგისტიკის“ საკუთრებაა, შორეული აღმოსავლეთის ნაცვლად აღმოჩნდა ხმელთაშუა ზღვაში, სადაც 23 დეკემბერს ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გემების გადაადგილების მარშრუტის ამსახველი სერვისის, MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, Ursa Major-ის გარდა, ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა კომპანია „ობორონლოგოსტიკის“ კიდევ ერთი სატვირთო გემი Sparta.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ორი გემი 2022 წლამდე გამოიყენებოდა სირიაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების მომარაგების მიზნით.
ამჟამად ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება რუსეთის სამი სადესანტო გემიც. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ სამხედრო და სატვირთო ხომალდების დანიშნულების ადგილი სირიაა, მიზანი კი ქალაქ ტარტუსში მდებარე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის ევაკუაცია.
რუსეთს, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერი იყო, სირიაში ტარტუსის გარდა, აქვს ხმეიმიმის სამხედრო ბაზა. მათი შემდგომი არსებობა ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ადგილობრივმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ასადის რეჟიმი დაამხვეს და მან თავი რუსეთს შეაფარა.