მოლდოვაში გაიმართა სანდუს პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია
სანდუმ გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხა პრორუსულად განწყობილი ოპონენტი, ალექსანდრ სტოიანოგლო.
მაია სანდუს განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, უწინ ის მსოფლიო ბანკის თანამშრომელი იყო. მოლდოვის დასავლელი პარტნიორები მის გამარჯვებას მიესალმნენ, მათ შორის როგორც მაგალითს, რომ დემოკრატიას შეუძლია დაამარცხოს რუსეთის ძალების ჩარევა.
ინაუგურაციის ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში სანდუმ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტობის მეორე, ოთხწლიანი ვადა მის მემკვიდრეობას დაუკავშირებს "მოლდოვის ყოფნას ევროპის კავშირში".
სანდუს პირველი ვადის განმავლობაში, 2022 წელს მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მიმდინარე წელს დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება - მას შემდეგ, რაც მტკიცედ დადგა თავისი მეზობლის, უკრაინის მხარეს, სადაც 2022 წელს რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა. მოლდოვა შეუერთდა რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაკისრებულ სანქციებს.
გასულ კვირაში ევროკავშირი მიესალმა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების და ევროკავშირში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვის შესახებ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარებას. ამავდროულად, ევროკავშირმა დაგმო "ჰიბრიდული მცდელობები, რომელთა მიზანიც იყო ძირის გამოთხრა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის".
მოლდოვის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში გამოდიოდნენ გაფრთხილებებით რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, რომლებიც მათ შორის მოიცავდა დეზინფორმაციის კამპანიას და ევროკავშირის მოწინააღმდეგე ორგანიზატორთა არაფორმალური ქსელის მოქმედებებს.
ამავდროულად, მოლდოვის ოფიციალური პირები იგერიებდნენ კიბერთავდასხმებს და საჯაროდ უპირისპირდებოდნენ ყალბ ცნობებს, რომლებიც, მათი თქმით, მიზნად ისახავდა გავლენის მოხდენას არჩევნების შედეგზე.