ახმედ ზაკაევს დაუსწრებლად მიუსაჯეს 20 წლით პატიმრობა უკრაინის ომთან დაკავშირებით
ზაკაევი და ამ საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი მურად იუსუპოვი ტერორისტული თანამეგობრობის შექმნაში ცნეს დამნაშავედ. ზაკაევი სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო ინტერნეტში ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.
გამოძიების თანახმად, 2022 წლის ივლისში ზაკაევმა უკრაინის ტერიტორიაზე ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის „ლიდერად გამოაცხადა თავი“, „გაერთიანდა სხვა პირებთან“ და შექმნა ბატალიონი, რომელიც შევიდა უკრაინის ტერიტორიული დაცვის საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში.
სასამართლოს თანახმად, „ბატალიონის ფუნქციონირების ფაქტი“ 2022 წლის 31 აგვისტოს დაადგინეს, რის შემდეგაც აღძრეს საქმე ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის შესახებ.
ტერორიზმის გამართლების ბრალდებით კი ზაკაევის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2021 წლის იანვარში გამოქვეყნებული მისი მიმართვისთვის YouTube-ის არხზე.