ოდესაზე, ხარკოვსა და პოლტავაზე დრონებით შეტევა იყო
23 აპრილს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა უკრაინას ისევ შეუტიეს უპილოტო საფრენი აპარატებით.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ოდესაში ხანძარი გაუჩნდა სახლებს და კერძო საწარმოების შენობებს. კონკრეტულად რომელ საწარმოებს, სამსახური არ აკონკრეტებს.
წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი. ხანძრების ლიკვიდაციაში მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ მოხალისეები და ეროვნული გვარდიის ჯგუფები.
დრონებით ექვსი დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ნოვობავარის რაიონზე. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, შეტევამ მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.
უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან პოლტავიდან. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის შვიდი საათისთვის ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია სახლები, სამოქალაქო საწარმოები და საწყობები. დაშავდა სამი ადამიანი.
დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის გამო შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში გამოცხადდა კიევში და კიევის ოლქშიც. განგაშის რეჟიმი ღამის სამი საათისთვის მოიხსნა.
19 აპრილის საღამოდან 21 აპრილამდე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „სააღდგომო ზავი“ გამოაცხადა.
ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე, 20 აპრილს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავის“ დროს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა, თუმცა, უკრაინაში არ ყოფილა საჰაერო განგაში, ამ ფორმატის შენარჩუნება ყველაზე მარტივად შეიძლება, ამიტომ კიევის წინადადებაა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დრონებით და რაკეტებით დარტყმების შეწყვეტა კიდევ, სულ მცირე, 30 დღით და გაგრძელების შესაძლებლობით.
რუსეთმა ეს წინადადება უარყო.