ჰამასი ეთანხმება ღაზაზე ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს
პალესტინელთა გაერთიანება ჰამასმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ დათანხმდება ღაზის ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმის ზოგიერთ პირობას, მათ შორის მძევლების გათავისუფლებას.
ტრამპმა საპასუხოდ თქვა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზას სექტორის დაბომბვა და რომ მას სჯერა, რომ ჰამასი მზადაა მშვიდობისთვის.
თავისი განცხადებით ჰამასმა, რომელიც აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად არის შერაცხილი, გამოაქვეყნა თავისი პასუხი ტრამპის 20-პუნქტიან გეგმაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პალესტინელთა ორგანიზაციას კვირამდე მისცა ვადა წინადადების მისაღებად ან უარსაყოფად.
ჰამასმა თავი აარიდა უფრო მწვავე საკითხებს, როგორიცაა
განიარაღება, და განაცხადა, რომ დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
ჰამასს არაფერი უთქვამს, დათანხმდება თუ არა ღაზის განიარაღებასა და დემილიტარიზაციას - რასაც ისრაელი და აშშ ითხოვენ, და რაც ჰამასმა ადრე უარყო. ის ასევე არ დათანხმდა ისრაელის არმიის ეტაპობრივ გასვლას პალესტინელთა ტერიტორიიდან, ღაზის სექტორიდან. ჰამასის დაუყოვნებლივ სრული გასვლის მომხრე იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც 3 ოქტომბერს ორდღიანი ვადა მისცა ჰამასს, მიეღო მისი გეგმა, და დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე დადგებოდა, განაცხადა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა. ტრამპმა, ჰამასი განცხადების შემდეგ რწმენა გამოთქვა, რომ ჰამასი მშვიდობისთვის მზად არის.
ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ალ-ჯაზირას განუცხადა, რომ ჯგუფი არ განიარაღდება მანამ, სანამ ისრაელი ღაზაში ოკუპაციას არ შეწყვეტს.
ტრამპის გეგმის საპასუხოდ, ჰამასმა ასევე განაცხადა, რომ „აფასებს არაბული, ისლამური და საერთაშორისო, - ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც სხვა პირობებთან ერთად ითხოვს ღაზის სექტორში ომის დასრულების, პატიმრების გაცვლას (და) ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ შეტანას“.
ჰამასი ადასტურებს, რომ მომხრეა „ყველა ოკუპირებული პატიმრის - როგორც ცოცხლის, ასევე დაღუპულთა ნეშტების - გათავისუფლებას პრეზიდენტ ტრამპის გეგმით მოცემული გაცვლის ფორმულის შესაბამისად გაცვლის განხორციელების საჭირო პირობების შექმნით“ და დასძენს, რომ „ამ კონტექსტში, ის ადასტურებს მზადყოფნას, დაუყოვნებლივ ჩაერთოს მოლაპარაკებებში შუამავლების მეშვეობით, დეტალების განსახილველად“.
ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ მზადაა „ღაზის სექტორის მმართველობა გადასცეს პალესტინელთა დამოუკიდებელ (ტექნოკრატების) ორგანოს, პალესტინის ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე არაბული და ისლამური ქვეყნების მხარდაჭერით“.
ჰამასი ადრე გამოვიდა წინადადებით ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ღაზის სექტორის მართვის სხვა ორგანოსთვის გადაცემის შესახებ.
ტრამპის გეგმა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, ჰამასის მიერ დაკავებული ყველა მძევლის გაცვლას ისრაელის მიერ დაკავებული პალესტინელი პატიმრებზე, ისრაელის ეტაპობრივ გაყვანას ღაზიდან, ჰამასის განიარაღებას და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით გარდამავალი მთავრობის შექმნას.
3 ოქტომბერს, უფრო ადრე ტრამპმა ჰამასი გააფრთხილა, რომ ღაზაში „ჯოჯოხეთი“ დაიწყება, თუ ის არ დათანხმდება მის წინადადებებს.
გასულ კვირას არაბული და მუსლიმური ქვეყნებისთვის თავისი გეგმის წარდგენის შემდეგ, ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ბენიამინ ნეთანიაჰუს, სადაც ისრაელის პრემიერმინისტრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს და განაცხადა, რომ ის აკმაყოფილებდა ისრაელის ომის მიზნებს.
ტრამპის გეგმა „შესაძლებლობების ფანჯარაა“, თქვა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების უწყების ხელმძღვანელი ტომ ფლეტჩერმა:
„პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივა ღაზაზე შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ის პალესტინელებს სთავაზობს როგორც შანსს, მიიღონ სიცოცხლის გადასარჩენად დახმარება სასწრაფოდ და საჭირო მოცულობით, ასევე დააბრუნონ
მძევლები სახლში“, - განაცხადა ფლეტჩერმა 3 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედება 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მეთაურობით ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც ისრაელის მონაცემებით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს.
ღაზის ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, რომელსაც გაერო აღიარებს, ისრაელის საომარ მოქმედებებს ღაზაში 66 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.