ილიაუნი: "შეწყდეს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა"
23 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის საერთო კრებამ განიხილა განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფცია, რომლის განხორციელება, კრების მონაწილეთა თქმით, სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასწავლებელმა, აკადემიურ პერსონალთან შეთანხმებით, შეიმუშავა საჯარო მიმართვის ტექსტი:
"ჩვენ, საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, საგანმანათლებლო სფეროს გულშემატკივრები, არ ვეთანხმებით უმაღლესი განათლების რეფორმის შემოთავაზებულ კონცეფციას, ვინაიდან:
ა) იგი არ შემუშავებულა და არ განხილულა საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან;
ბ) შემოთავაზებული გეგმა ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის პრინციპებს;
გ) გეგმის განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს, მათ შორის მკვეთრად გააუარესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს, დრამატულად შეამცირებს უმაღლესი განათლების ადგილს და როლს საზოგადოებრივ ქსოვილში, გამოიწვევს საქართველოს იზოლირებას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრციდან, საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობის, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს. სწორედ განათლების სფეროს „კარგად წარმართვაზეა დამოკიდებული არამც თუ სვე-ბედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავლის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება“ (ილია).
დაუშვებელია, განათლების, ამ მართლაც მთავარი ეროვნული ამოცანის, განსაზღვრა ფართო საზოგადოების კონსენსუსის გარეშე. საუნივერსიტეტო საზოგადოება მზადაა, მხარეების ჩართულობით შექმნას პროფესიონალთა ფართო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს და განსახილველად წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეფორმის ხედვას.
მოვითხოვთ, შეწყდეს უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და გაიხსნას განათლების რეფორმის საკითხებზე ინკლუზიური დიალოგის პროცესი, რომელშიც წამყვან როლს აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები შეასრულებენ!
გვწამს, რომ საერთო ძალისხმევით, აკადემიური სიმტკიცითა და გონიერებით დავიცავთ ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის ილია ჭავჭავაძისეულ და ივანე ჯავახიშვილისეულ გზას".
ილიას უნივერსისტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ახლავს ბმული ხელმოწერებისათვის.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში წარადგინა ე.წ. განათლების რეფორმა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს "ამბიციური მიზანი", სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
"ქართული ოცნების" მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი".
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
