გივი მიქანაძე ოთხწუთიან ვიდეოში აღწერს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეას და მიზანს
“ქართული ოცნების” განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე განმარტებას აკეთებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების იდეის თაობაზე, რომლის შესახებაც საზოგადოებისთვის, მათ შორის უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის, მოულოდნელად, 29 იანვარს გახდა ცნობილი.
გივი მიქანაძის ოთხწუთნახევრიანი ვიდეო-განმარტება განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა პირველ თებერვალს გაავრცელა.
გივი მიქანაძე ვიდეო-მონოლოგში განმარტავს, რომ უნივერსიტეტების შერწყმის მიზანია კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანობისა და მათი ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა.
მისივე მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ დეტალურად მოხდება პროგრამების შესწავლა და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ „არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა“:
„ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და პრემიერის მიერ საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტი მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის განხილვას დაექვემდებარა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება".
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის თქმით, ახალი კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება ორი ჰაბი - თბილისსა და ქუთაისში, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ დაცვა და ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გამომდინარე ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება, რათა მოხდეს "პროგრამების დადარება და ხარისხის გაუმჯობესება".
მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია წამყვანი პროფესორის პოზიციის ჩამოყალიბებაც, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში კონკრეტული კრიტერიუმების დაცვით, ღია საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, მიქანაძის თქმით, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები შევა, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო - საბჭო, რომელშიც პარიტეტის დაცვით თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან როგორც თბილისის სახელმწიფო, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
„სწორედ ისინი, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებას და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, - ამბობს მიქანაძე ვიდეოში.
29 იანვრიდან მოყოლებული პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. 31 იანვარს სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და მთავრობას მიმართეს და მოითხოვეს, შეჩერდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების პროცესი და საკითხის პარლამენტში განხილვამდე გაიმართოს საჯარო განხილვა.
"ქართული ოცნების" მთავრობისა და პარლამენტის პირველი პირებისთვის განკუთვნილი განცხადების ავტორები „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ ორი უნივერსიტეტის შერწყმის გეგმის გამო და აღნიშნავენ, რომ სტრუქტურული გადაწყვეტილებები საჯარო, დასაბუთებულ განხილვას უნდა ეფუძნებოდეს. ასეთი მსჯელობა მათ წარმოუდგენიათ ან უნივერსიტეტში - „პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლების” ჩართულობით ანდა “განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე” - სტუ-ს აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
განცხადების ავტორებმა პეტიციაც შეიმუშავეს - უნივერსიტეტების შერწყმის შეჩერების მოთხოვნით.
