ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ბაღდავაძეს 7 წლით, კაჭკაჭაშვილს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო "კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ ეპიზოდზე ბრალდებულები, მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი.
გიორგი კაჭკაჭაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მამუკა ბაღდავაძეს კი - 7 წლით.
მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
გიორგი კაჭკაჭიშვილს კი ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე, - „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის („სოხუმსკის“) ძმა, - თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 2025 წლის 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 2025 წლის 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.
გელა უძილაურისთვის იარაღის უკანონოდ გასხვისების ბრალდებით 2025 წლის 25 მაისს დააკავეს სანდრო წივწივაძე.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2025 წლის 12 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე.
ვის რა როლი ჰქონდა ამ შეკვეთილ მკვლელობაში - პროკურატურის ვერსიაგამოძიების ვერსიით, „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძე, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის შეკვეთით, გელა უძილაურმა მოკლა.
გიორგი ჯოხაძემ იარაღი გიორგი კაჭკაჭიშვილთან ერთად იყიდა. მამუკა ბაღდავაძე გიორგი ჯოხაძის ნათესავია - სწორედ მას მიაკითხა უძილაურმა სამსახურში ჯანგველაძის მოკვლის შემდეგ.
გუშინ, 6 მაისს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით უვადო პატიმრობა მიუსაჯა თბილისელ ბიზნესმენებს, ძმებს, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებსა და მათი გარემოცვის წევრს, „კრიმინალურ ავტორიტეტ“ გიორგი ჯოხაძეს.
