სტრასბურგში დასრულდა ბოლო ზეპირი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 23 მაისს დაასრულა ბოლო ზეპირი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელისა, რომელშიც საქართველო რუსეთს ადანაშაულებს 2008 წლის აგვისტოს ომის და მის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში. სხდომის დაწყებამდე საქართველოს მხარე აცხადებდა, რომ რუსეთთან დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები.
„რუსული მხარისგან არგუმენტების ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ რაც საქართველომ წარმოადგინა, არის სიყალბე, შეთქმულება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციას დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ.
17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას თავდაპირველად მიმართეს საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა, შემდეგ მოპასუხეებმა - რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ადვოკატმა. სხდომას ესწრებოდნენ დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტებიც, მათ შორის კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. „ძალიან სერიოზული ზეწოლაა რუსეთის მხრიდან, როგორც ჩანს. ეს ჩვენმა ადვოკატმაც განაცხადა სიტყვაში. რუსეთი იმუქრება, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში არ გადაიხდის სასამართლოს შენახვის ფულს“, - განუცხადა მამუკა არეშიძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება, საკუთრების დაცვა, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.