გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს ფილარმონიაში შეხვდა
"გაერთიანებული ოპოზიცია მოდის არა შურისძიებისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოვსპოთ პოლიტიკური პოლიცია", - განაცხადა 29 სექტემბერს, ფილარმონიაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
„ჩვენ ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენთვის არსებითია ტრადიციები, ეროვნული იდეალები, კულტურული პრინციპები, რაზეც დგას ჩვენი ერის ისტორია. ჩვენ გვწამს, რომ ეროვნული ტრადიციების შენახვა არის ჩვენი ვალდებლება მომავალი თაობების წინაშე“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„28 ოქტომბერს პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვებს - გვინდა სახელმწიფო, რომელსაც ხალხი მართავს თუ სახელმწიფო, რომელსაც ოლიგარქი მართავს? ხომ არ ვიქეცით ხალხად, რომელსაც მტერი "კანაფის დედოფალს" დაუნიშნავს პრეზიდენტად?“, - გრიგოლ ვაშაძის სიტყვებით, გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის სიტყვებით კი, „არჩევნებზე ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, არამედ საქართველოს მომავალს“.
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყება.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატთან შეხვედრაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძეც მივიდნენ. მათ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.