საქართველოს პრეზიდენტი პარიზში მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ თარიღის აღსანიშნავად
საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, ადგილობრივი და ეროვნული არჩევითი ორგანოების წევრებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპნძლებს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით,საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში ტრიუმფალურ თაღთან გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან, სადაც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის ფორუმში, რომელშიც მსოფლიო ლიდერები, აშშ-ს პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, სლოვაკეთის, სლოვენიის, ლატვიის, მაკედონიის, უკრაინის პრეზიდენტები ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო იმსჯელებენ: მშვიდობა და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, განვითარება, ციფრული და ახალი ტექნოლოგიები და ინკლუზიური ეკონომიკა.
გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც მრავალმხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს მიეძღვნება.
პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წელი 11 ნოემბერს შესრულდება.