გიორგი ვაშაძე: სააკაშვილის განცხადება იმაზეა, როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები
„უკვე მეორე დღეა, რაც „ქართულმა ოცნებამ“დაიწყო „ფეიკ“ ნიუსების ახალი ტარღის ტირაჟირება. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას 2009 წელს. მე ცალსახად მინდა ვთქვა,რომ მთელი განცხადება მიხეილ სააკაშვილის არის პირიქით იმაზე, როგორ ცდილობდა ქართული მხარე თავიდან აერიდებინა საომარი მოქმედებები.“-განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული იმ ვიდეოს კომენტირებისას, რომელშიც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.
გიორგი ვაშაძე ამბობს,რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება სინამდვილეში არის იმაზე, როგორ მუშაობდა იგი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადგილზე წარმოდგენილ სხვადასხვა სამშვიდობო ძალების სხვადასხვა ნაწილებთან და როგორ ცდილობდა თავიდან აერიდებინა პირდაპირი საომარი მოქმედებები. „კონკრეტული ფაქტებია თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი, რატომ არ იყო სხვა გამოსავალი გარდა იმ ქმედებებისა, რაც საპასუხო კუთხით გააკეთა ქართულმა მხარემ. ამ მთელი ვიდეოდან სამი სიტყვაა ამოგლეჯილი, სიტყვა აქვთ შუაში გაჭრილი, წარმოიდგინეთ, და ამით რაღაცის დამტკიცებას ცდილობს „ქართული ოცნება“. და ამის ყველაფრის ტირაჟირებას აკეთებს საგანგებო რეჟიმში გადასული ტელეკომპანია „იმედი“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამით ცდილობს გაამართლონ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის აგვისტოს ომზე გაკეთებული განცხადებები.
„ერთადერთი ადამიანი, რომლის განცხადებები, რომლის გამონათქვამები რუსეთის ფედერაციას, ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტ ქვეყანას დართული აქვს ჰააგაში სარჩელზე, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არ „პრავდება“. ეს არის წითელი ხაზი.“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სოციალურ ქსელში 9 ნოემბერს გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს ჩვენებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემსწავლელ დროებით კომისიას მისცა.