ევროკავშირის ლიდერებს ირანის კრიზისის გამწვავების თავიდან აცილება სურთ, ტრამპი „ღიაა“ ირანთან მოლაპარაკებისთვის
ევროკავშირის ლიდერებმა, რუმინეთში არაოფიციალურ სამიტზე განიხილეს ირანის საკითხი. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, გაფრთხილება გამოთქვეს ირანის კრიზისის გამწვავების თაობაზე.
ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა გადარჩეს და მოწოდებით გამოვიდა, დაიცვან სიმშვიდე მას მერე, რაც თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმების ნაწილებს აღარ დაიცავს.
თეირანმა 8 მაისს განაცხადა, რომ შეაჩერა ბირთვულ სფეროში საქმიანობის შეზღუდვა, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული მანამდე, სანამ არ მოიძებნება გზა, გვერდი აუარონ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რადგან ვაშინგტონმა თეირანი შანტაჟში დაადანაშაულა.
მაკრონმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ხელმომწერებს მოუწოდა, „არ აღმოჩნდნენ ესკალაციაში ჩათრეული“ და „ერთობლივად იზრუნონ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე“.
ანგელა მერკელის თქმით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ვითარების გამწვავება. გერმანიის კანცლერის თანახმად, ირანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის ინტერესებშია ბირთვული შეთანხმების ერთგულება, ჩვენ კვლავაც გვსურს დიპლომატიური გზით მოგვარება, თქვა მერკელმა შეხვედრის შემდეგ.
ევროპის კავშირის ქვეყნებმა სინანული გამოხატეს აშშ-ის მიერ სანქციების კვლავ დაწესების გამო და განაცხადეს, რომ კვლავ ტმკიცედ დგანან იმ აზრზე, რომ უნდა გააგრძელონ ძალისხმევა, რათა "შესაძლებელი იყოს ირანთან ლეგიტიმური ვაჭრობა".
ამ განცხადებებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა და ევროპის სამმა სახელმწიფომ გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ირანს მოუწოდეს, დაიცვას მსოფლიოს ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების პირობები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ჯერაც უჭერენ მხარს შეთანხმებას, მაგრამ მათ უკუაგდეს თეირანის მხრიდან „ულტიმატუმები“, რომ უზრუნველყონ მისი სიცოცხლისუნარიანობა.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კომენტარი ირანის ნაბიჯის გამო არ გაუკეთებია. მან თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურს ირანის ლიდერები მას დაუკავშირდნენ.
ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ ესწრაფვის კონფლიქტს ირანთან.