პროკურორი: 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის მიზეზი გაგუდვაა
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. გოგონას მთელს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა - განაცხადა ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა.
მისი განცხადებით, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე დღეს, 13 მაისს გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხნენ.
პროკურორის თანახმად, სამედიცინო ექსპერტმა პროცესზე დეტალურად ისაუბრა გოგონას სხეულზე აღწერილ თითოეულ დაზიანებასთან დაკავშირებით:
„გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი.
ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია", - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.
დღეს, 13 მაისს იაგო ნებიერიძის საქმის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ამოწურა მოწმეთა დაკითხვა. მორიგი სხდომა 16 მაისს გაიმართება.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სამართალდამცავებმა, რამდენიმე საათში, ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვნეს. ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა დაკავებული.