უმრავლესობა კომპანიებისა, რომლის მმართველებს შორის ქალებიც არიან, მოგებას 10-15%-ით ზრდის
![უმრავლესობა კომპანიებისა, რომლის მმართველებს შორის ქალებიც არიან, მოგებას 10-15%-ით ზრდის](https://gdb.rferl.org/73708EE0-CC38-46A3-A098-23431C03DBC8_w800_h450.jpg)
კომპანიები, რომლებშიც გენდერული მრავალფეროვნებაა - განსაკუთებით მმართველ დონეზე - მეტ წარმატებას აღწევენ, რაც გულისხმობს ფინანსური მოგების ზრდასაც. ამის შესახებ ნათქვამია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ასახავს ქალების როლს ბიზნესსა და მენეჯმენტში.
ანგარიშის ავტორებმა შეისწავლეს ვითარება 70 ქვეყნის 13 ათასამდე კომპანიაში. გამოკითხულთა 57% იზიარებს შეფასებას, რომ გენდერული მრავალფეროვნება ბიძგს აძლევს მოგების მატებას. თითქმის სამმა მეოთხედმა კომპანიებისა, რომლებიც თავიანთ მენეჯმენტში გენდერულ ბალანსზე ზრუნავენ, 5-20%-ით გაზარდეს მოგება. უმრავლესობის შემთხვევაში აღირიცხა მოგება 10-15%-ით.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს კომპანიების მენეჯმენტში ქალთა წილი 30%-ზე ოდნავ მეტს შეადგენს. ტექსტში, რომელიც გრძელვადიანი კვლევის საფუძველზე მომზადდა, მოჰყავთ გრაფიკა, რომლის თანახმადაც, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებიდან, საქართველო 2013 წელს იკავებდა ბელორუსის შემდეგ მეორე ადგილს კომპანიების ხელმძღვანელი ქალების წილით. მას მოჰყვებიან ლატვია, ყირგიზეთი და მაკედონია. ბოლო ადგილზეა აზერბაიჯანი.
ანგარიშის მოსამზადებლად გამოკითხულთა 54%-ზე მეტი, მენეჯმენტის გენდერული მრავალფეროვნების შედეგებს შორის ხედავს გაუმჯობესებას შემოქმედებითი მიდგომის, ინოვაციებისა და ღიაობის მხრივ. გამოკითხულთა ასევე უმრავლესობის დაკვირვებით, გენდერულმა ინკლუზიურობამ დადებითად იმოქმედა მათი კომპანიის იმიჯზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არის გაეროს სააგენტო, რომელიც ამოცანად ისახავს სოციალური სამართლიანობის მატებასა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების დამკვირდებას.