გავრცელებული ცნობებით, მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს ტელეწამყვანებს შეხვდება
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს, - წერს ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ მმართველი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მანამდე, 1 სექტემბერს, თბილისში, "ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა მმართველი გუნდის სხდომა, რომელზეც, ამ გუნდის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადებით, საუბარი შეეხო სამთავრობო ცვლილებებს.
“ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება კიდევ პოლიტსაბჭოზე. ეს მოხდება სამშაბათს. მაგრამ ვფიქრობ, ხვალ დილას საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე” - თქვა ვოლსკიმ ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე პასუხად.
კითხვას, ტოვებს თუ არა მამუკა ბახტაძე თანამდებობას, ვოლსკიმ ასე უპასუხა: "ამ საკითხთან დაკავშირებით [ის] გაცილებით უკეთეს და სიღრმისეულ განცხადებას გააკეთებს, ვიდრე შეიძლება, მე ერთი სიტყვით ვთქვა”.
მმართველი პარტიის ოფისში გამართულ სხდომაში მონაწილეობდნენ პარტიის ლიდერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და უმრავლესობის დეპუტატები, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისი მერი კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და სხვები.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს ოფიციალურად აცნობებდნენ სამთავრობო ცვლილებების შესახებ. გავრცელებული ვარაუდით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეცვლის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, შსს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.