ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს შეწყალების აქტის გამო პრეზიდენტმა პასუხი აგოს
![ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს შეწყალების აქტის გამო პრეზიდენტმა პასუხი აგოს](https://gdb.rferl.org/D38D155E-6C32-453C-8453-355E1035DF14_cx0_cy19_cw0_w800_h450.jpg)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პასუხი აგოს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის.
აქციის რამდენიმე ათეულ მონაწილეს ხელში პლაკატები უჭირავს წარწერით „სირცხვილია“. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტი არის ყველა პოლიციელის მიმართჩადენილი დანაშაული.
„ყველა ქვეყანაში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული ისჯება კანონის მთელი სიმკაცრით .ნახევარიც კი არ ჰქონდა მოხდილი მსჯავრდებულს ისე გაათავისუფლეს. ეს არის, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული შეწყალების აქტი , ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ეს არის ყველა იმ პოლიციელის შეურაცხყოფა, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანას“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისი სიტყვებით უნდა გაირკვეს ვისი მითითებით შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკველობისთვის მსჯავრდებული.
22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.
2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია„იმედს“ უთხრა, რომ არ უპასუხებს, რატომ შეიწყალა მსჯავრდებული, ვინაიდან ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და განხილვას არ ექვემდებარება.