ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს და მოაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის ოკუპაციაზე. პრემიერის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა ძალისხმევა, რათა ევროკავშირის წარმომადგენლობის მანდატი გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
„ჩვენ დღეს ვისაუბრეთ ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ სად ვართ დღეს, რა გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიც არის უვიზო რეჟიმი და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალური, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა იყოს უფრო მაღალი, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეეებს, ბიზნესს, ეკონომიკას, უფრო ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ამ ხელშეკრულებამ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციაზე, ჩვენ მადლობა გადავუხადეთ ევროკავშირს იმ წარმომადგენლობისთვის, იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ საოკუპაციო ხაზზე, თუმცა, ასევე აღვნიშნეთ, რომ ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მანდატი გავრცელდეს მთელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ვისაუბრეთ ასევე ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაგრძელებაზე და შევთანხმდით, რომ დემოკრატიის საბაზისო ძირითადი ფუნქციები და მათი ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში დაცული იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.