ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს იდეა დაუწუნა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არასწორი უწოდა ამავე ფრაქციის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.
„გამორიცხულია ამაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ახლა მიდის კამათი, დისკუსია, რბილად რომ ვთქვათ, და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ 2020 წლისთვის უნდა იყოს პროპორციული, ვადამდელი და ასე შემდეგ. ახლა, ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე - ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე, თუ ასე შემდეგ“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხუნდაძემ არასწორი აზრი გაახმოვანა, რასაც სავარაუდოდ, გუნდის შიგნითაც ცხარე დისკუსია მოჰყვება: „გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის, ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს საქართველო მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა.