ოპოზიცია სისტემატურ შეხვედრებს აახლებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 მაისს
ოპოზიცია სტრატეგიის დაგეგმვას დღეიდან იწყებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიები შეხვედრისთვის ემზადებიან, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მიმდინარე ეტაპის სტრატეგია დაიგეგმება.
„ეს შეხვედრა იქნება პოლიტპატიმართა მონაწილეობით. გიგი უგულავა აქედან დააპატიმრეს და აქ ბრუნდება ისევ. დაიგეგმება მიმდინარე ეტაპის სტრატეგია, რათა ხელისუფლების გადაბარების პროცესი, რასაც ელოდება ყოველი ქართველი პატრიოტი, წავიდეს უმტკივნეულოდ, ჰარმონიულად, ყველა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატი იმით არის ფასეული, რომ ისინი არ ვაჭრობენ ბლოკებით, ალიანსებით და კოალიციებით:
წაიკითხე მეტი.
17 მაისი მოკლედ
ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს პანდემიის გამო აქტივისტებმა და ლგბტ თემის წარმომადგენლებმა აქცია ონლაინ გამართეს.
აქციას შეუერთდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მან წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
17 მაისის აღსანიშნავად, თბილისის მერიას თბილისი პრაიდმა ანძის ცისარტყელას ფერებში განათება სთხოვა, თუმცა გუშინ ოფიციალური უარი მიიღო. მერიის გადაწყვეტილებით, ანძა წუხელ თურქმენეთის დროშის ფერში განათდა (17 მაისს თურქმენეთის კონსტიტუციის დღეც იყო).
თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ინიციატივა მაინც მოიყვანეს სისრულეში აქციის ორგანიზატორებმა - საქართველოს რამდენიმე ქალაქის ქუჩებში, ფანჯრებიდან და აივნებიდან ლგბტ დროშები გადმოფინეს. გამოფენილი დროშა პოლიციამ მალევე ჩამოახსნევინა თბილისში, რუსთაველის გამზირზე კაფე „გალერის“ მფლობელებს. მიზეზი კი ასე განმარტეს სამართალდამცველებმა:
„დაპირისპირებული მხარე რომ არ მოვიდეს და ექსცესები თავიდან ავიცილოთ. საფრთხე იყო“.
17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის გარდა, საქართველოში 2014 წლიდან ოჯახის სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული. საზეიმო წირვის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ოჯახები, დედაქალაქი და მთელი საქართველო დალოცა, რის შემდეგაც სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით გაემართნენ თბილისის ქუჩებისა და მოსახლეობის დასალოცად.
მსვლელობის ამსახველი ფოტოები ნახე მზია საგანელიძის ფოტო კოლაჟში.
კორონავირუსის გავრცელება საქართველოში
დაინფიცირების 12 ახალი და გამოჯანმრთელების 6 შემთხვევა - ასეთია დღეისთვის ვითარება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მხრივ.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 695 შემთხვევა.
ამ ეტაპისთვის გამოჯანმრთელებულია 425 ადამიანი.
გარდაცვლილია - 12.
კარანტინის რეჟიმში რჩება - 3890.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
მარნეულში საკარანტინო რეჟიმი უქმდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი იხსნება. დღეიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გადაადგილება თავისუფლად შეეძლება. გუშინ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კორონავირუსის შეკავების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ზაურ დარგალის თქმით, 23 მარტიდან ვირუსის შესაჩერებლად არაერთი ღონისძიება ჩატარდა, ჯამში 105 000-მა მოქალაქემ გაიარა მარნეულში თერმოსკრინინგი. PCR ტესტირებით კი 1600 ადამიანი შეამოწმეს, მათ შორის ისინი, ვისაც მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.
ჩხუბი ცხინვალის საკარანტინო ზონაში და პროდუქტების შეგზავნის აკრძალვა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ორი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომელია.
ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილე ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
„პარასკევს 111 ტესტი ჩატარდა და ოთხმა დადებითი პასუხი აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ, და მედიცინის ორ მუშაკს“, - აღნიშნა გაგლოევამ. მისივე თქმით, მედიცინის მუშაკები ზნაურის საავადმყოფოში მუშაობენ.
ამ დროისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 348 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ზნაურის საავადმყოფოში შექმნილ ვითარებაზე, განგაშის პირველი სიგნალი, დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო ოპოზიციამ გაავრცელა და ამ საავადმყოფოს საკითხი პარლამენტშიც კი განიხილეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ზნაურის საავადმყოფოში, სადაც რუსეთიდან დაბრუნებული ინფიცირებული სტუდენტები გადაიყვანეს, მედპერსონალი სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე მუშაობდა.
წაიკითხე მეტი.
როცა გურამი შეხვდა ლაშას
ეს გურამს და თათიას შორის დაგვიანებული დიალოგი იყო. „კრიმინალურად“ დაგვიანებული. კონკასთან მისეირნობდნენ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადრე ხელი მოაწერეს,
ნია 6 თვის ჰყავდათ. იმ დღეს ბებიასთან და ბაბუასთან დატოვეს.
- მართლა. მართლა ბიჭები მომწონს.
- იტყუები (თათია იცინის, არ სჯერა).
- არ ვიტყუები.
- კაი. ეს რას შეცვლის?
- არ ვიცი.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ამ დიალოგიდან, ოქტომბერში, გურამი ლაშას გაიცნობს. იანვარში კი ლაშასთან ერთად გადავა საცხოვრებლად.
ამ ამბიდან მალე გურამ მაცხონაშვილი სპექტაკლების დადგმას დაიწყებს. ერთ-ერთი ბოლო წარმოდგენა, „ჰამლეტი“, რომლის სასცენო ადაპტაციაც ლაშას ეკუთვნის (ლაშა დრამატურგია) და სადაც ჰამლეტი ტრანსგენდერი ქალია, კლუბში - „მტკვარზე“ აჩვენეს.
წაიკითხე მეტი.
რა მოხდება, „ოჯახის სიწმინდის“ დღის აღნიშვნას ლგბტ ადამიანებიც რომ შეუერთდნენ? ოჯახის შექმნის სურვილი, საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრების სურვილი, ბუნებრივი გრძნობაა, რომელსაც ვერავინ აკრძალავს.
ქორწინების უფლებები ერთი და იმავე სქესის ადამიანებთან მიმართებით, ცვლილება კონსტიტუციაში და 17 მაისი, როგორც ორმაგი დღესასწაული.