რუსეთსა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაზე რუსეთი დათანხმდა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ რეფერენდუმს
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებაზე რუსული მხარე აღარ არის წინააღმდეგი, რეფერენდუმი ჩატარდეს ქვეყნის ნეიტრალიტეტის და სხვა საკითხების შესახებ, გარდა ყირიმის საკითხისა.
ამის შესახებ 2 აპრილს განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავიდ არახამიამ. მისი თქმით, რუსეთის მხარემ ამის შესახებ სიტყვიერად განაცხადა 1 აპრილს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე. წერილობითი, ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ მოიპოვება.
არახამიამ ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტები უკვე იმ ეტაპზეა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს შეუძლიათ პირისპირ შეხვედრისას მათი განხილვა.
მან რწმენა გამოთქვა, რომ ასეთი შეხვედრა თურქეთში შედგება, მაგრამ თარიღი და ადგილი ჯერ არ არის განსაზღვრული. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ თუ უკრაინელები მხარს არ დაუჭერენ ნეიტრალიტეტის საკითხს, ანუ, მიემხრობიან ნატოში გაწევრიანებას, შესაძლებელი იქნება ან ახალი მოლაპარაკება, ან განახლდება საომარი მოქმედება.
რუსეთის მხარეს უკრაინის წარმომადგენლის სიტყვების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის დელეგაციის წინადადებაში, რომელიც წარადგინეს ამას წინათ სტამბულში გამართულ მოლაპარაკებაზე, კერძოდ ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის ნეიტრალური სტატუსისთვის და სხვა ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარის თქმისთვის უსაფრთხოების ცხადი გარანტიების სანაცვლოდ. ამის შესახებ უნდა გაიმართოს რეფერენდუმი, რომელიც მხოლოდ უკრაინიდან რუსეთის არმიის სრული გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამასთან, რუსეთს სთავაზობენ, „გაყინონ“, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სტატუსი 15 წლით და ამ დროის განმავლობაში გაგრძელდეს მოლაპარაკება.
წინადადებებში არაფერია ნათქვამი ე.წ. დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე, ასევე დონბასის სტატუსზე. ეს თემები რუსეთის პრეზიდენტმა მიმდინარე „სპეცოპერაციის“ მიზნად დაასახელა.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა რუსეთის ტელევიზიის ეთერში, კვირას, განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს, სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში აიკრძალება „ნაციონალისტური იდეების გამოვლენა“, ხოლო რუსული ენა თავის პოზიციას აღიდგენს. მოლაპარაკების პროექტზე, რომელსაც განიხილავენ შეხვედრებისას ამაზე არაფერია ნათქვამი. როდის გაიმართება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი, არაა ცნობილი. მოლაპარაკება მიმდინარეობს საომარი მოქმედების ფონზე. ბოლო რაუნდის შემდეგ რუსეთის ჯარმა კიევის ოლქიდან უკან დაიხია.