აშშ ვენესუელის პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესს აღიარებს
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი ედმუნდო გონსალესი.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ ხმების 51%-ით გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 10 იანვარსაა დანიშნული.
გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.
20 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 28 ივლისს ვენესუელის ხალხმა პოზიცია მკაფიოდ გამოხატა და პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აირჩია. ბლინკენის განცხადებით, დემოკრატია ამომრჩევლების ნების პატივისცემას მოითხოვს.
ედმუნდო გონსალესმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ვენესუელის ხალხის მიერ 28 ივლისს ჩადენილი სამოქალაქო გმირობისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვენესუელის საყოველთაოდ ცნობილი მტერი უწოდა.
2024 წლის ივლისში, საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების და გამარჯვებულად ნიკოლას მადუროს გამოცხადებას ვენესუელაში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. არჩევნების შედეგები არ აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირმა.
სექტემბერში ვენესუელის სასამართლომ გასცა ედმუნდო გონსალესის დაპატიმრების ორდერი კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ წაქეზების და საბოტაჟის ბრალდებებით. გონსალესმა, რომელიც თავს ესპანეთის საელჩოს აფარებდა, ქვეყანა დატოვა.
სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა მადურომ და სოციალისტურმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნეს.
2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.