მოშიმშილე ისაკო დევიძე კლინიკიდან იზოლატორში დააბრუნეს - ადვოკატი
„ვივამედის ექიმი არც ადვოკატებს გაგვესაუბრა და არც ოჯახის წევრებს, ისაკოს ჯანმრთელობის შესახებ რომ მოეწოდებინა ინფორმაცია“, - წერს ადვოკატი ტყეშელაძე ფეისბუკზე.
მისი თქმით, ისაკო დევიძეს სჭირდება 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობა, რადგან „მშრალად შიმშილობს, ანუ წყალსაც არ იღებს და იმის მაგივრად ვივამედიში დაეტოვებინთ, ისევ იზოლატორში გადაიყვანეს“.
ადვოკატი ამას აფასებს, როგორც „სისტემის ანგარიშსწორებას თავისუფალ ადამიანებზე“.
ისაკო დევიძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა მელიქიშვილის ქუჩაზე, არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე, 15 სხვა დემონსტრანტთან ერთად.
სამართალდამცავები მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე იმსჯელეს, მათ შორის იყო ისაკო დევიძეც. ის და კიდევ ერთი დაკავებული, დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8-დღიან პატიმრობაში დატოვა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, რომ სასამართლომ სამივე შემთხვევაში საკმაოდ მძიმე სანქციები გამოიყენა.