ჟან-ნოელ ბარო: უკრაინის მხარდაჭერის საკითხში "წითელი ხაზები არ უნდა არსებობდეს"
ერთი თვის წინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც განაცხადა, რომ პარიზი ღიაა უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევის იდეისთვის.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ფრანგი სამხედროების გაგზავნა უკრაინაში, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა, რომ გამორიცხული არც ერთი ვარიანტი არ არის. იგივე განაცხადა მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.
ადრე მაკრონი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ ოდესის ან კიევის დაპყრობის საფრთხის შემთხვევაში.
ამავე დროს საფრანგეთის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ ლაპარაკი არ იქნება საფრანგეთის ჯარების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში მოწინავე ხაზზე.
ამავე დროს, ნატოს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამორიცხეს თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.