რუსეთმა ასობით იემენელი გადაიბირა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად-FT
FT ვარაუდობს, რომ იემენელ ჯარისკაცთა რეკრუტირება ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში დაიწყო. ჟურნალისტები გაეცნენ 3 ივლისით დათარიღებულ ერთ-ერთ კონტრაქტს, რომელსაც ნიჟნი ნოვგოროდის კონტრაქტორთა შერჩევის ცენტრის ხელმძღვანელი აწერს ხელს.
ნაბილმა, ერთ-ერთმა გადაბირებულმა იემენელმა თქვა, რომ ის იყო დაახლოებით 200 იემენელი ჯგუფის ნაწილი, რომლებიც სექტემბერში ჩავიდნენ მოსკოვში და ფრონტზე გაგზავნეს. მისი თქმით, ჯგუფის ზოგიერთი წევრი გამოცდილი სამხედრო იყო, მაგრამ ბევრს არანაირი მომზადება არ გაუვლია. ნაბილი ამტკიცებს, რომ ის რუსეთში მოტყუებით ჩაიყვანეს "უსაფრთხოებისა" და "საინჟინრო საქმის" სფეროებში მომგებიანი მუშაობის დაპირებით. რუსეთში ფულის შოვნის შემდეგ, ის აპირებდა სწავლის დასრულებას.
FT-ის კიდევ ერთი თანამოსაუბრე, აბდულა ამტკიცებს, რომ იმ ჯგუფის ბევრი წევრი, რომელშიც ის იმყოფებოდა, უკრაინაში დაიღუპა. მისი თქმით, უკრაინაში საომრად ისინი "ადამიანებით მოვაჭრე თაღლითებმა" ჩამოიყვანეს.
ეს არ არის რუსეთში უცხოელი მოქალაქეების საომარად გადაბირების პირველი შემთხვევა. აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს. მათგან, სულ ცოტა, რვა ომში დაიღუპა, ამის შესახებ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა ინდოეთის პარლამენტის დეპუტატმა ვიკმაჯიტ სახნეიბმა.
სექტემბერში ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან შეძლო რუსეთის არმიიდან გაეთავისუფლებინა 45 ინდოელი მოქალაქე, რომლებიც რუსმა შუამავლებმა გადაიბირეს და უკრაინაში საომრად ომში გაგზავნეს. ახლა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან.