ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ - მდინარაძე
„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი [ღარიბაშვილი], ირაკლი [კობახიძე] - პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იყო.
"ქართულ ოცნებას" პარლამენტში 89 დეპუტატი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეები იქნებიან პარტიის საპარლამენტო სიის მომდევნო წევრები.
25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნა საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა, - რასაც პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
„ქართული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, სხდომას ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე და საარჩევნო პარტიული სიის პირველი ნომერი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
სხდომაზე არ ყოფილა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის პარალელურად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები 11 საათიდან შეიკრიბნენ.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები დაესწრნენ - დანარჩენი ოთხი პარტია, რომელთაც ბარიერი გადალახეს, პრეზიდენტის მსგავსად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
პარლამენტის სხდომა გახსნა პარლამენტის უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ.
პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
ის სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
„არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.