პარლამენტმა, კონსტიტუციური სარჩელის მიუხედავად, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო
დამსწრე დეპუტატებმა, - „ქართული ოცნების“ წევრებმა, - პარლამენტის წევრის ფიცი დადეს.
ფიცი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა წაიკითხა.
მანამდე დროებითმა სამანდატო კომისიამ დაადასტურა, რომ წესრიგშია პარლამენტის 150 არჩეული წევრის საბუთები.
პარლამენტში დეპუტატების ერთიანი სია წაიკითხეს - 150 ადამიანის გვარი, - რის შემდეგაც კენჭისყრა ჩატარდა.
მათი უფლებამოსილება 88 ხმით ცნეს. სწორედ ამდენი დეპუტატი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი - ესწრება სხდომას.
რეგისტრაცია გაიარა 89-ე დეპუტატმაც, გივი ჭიჭინაძემ, თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია
სხდომა გრძელდება - მას უხუცესი წევრი, ლადო კახაძე, უძღვება. დარბაზში იმყოფება ბიძინა ივანიშვილიც.
ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
„არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას; მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ; მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.
საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.
პრეზიდენტი დავობს ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას.
სარჩელის დარეგისტრირების შემდეგ, სასამართლოს საქმის განსახილველად 30-დღიანი ვადა აქვს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო.
დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილი კი დილის 9 საათიდან შეუერთდა პროტესტს.
პროტესტის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.
პარლამენტის სხდომა გრძელდება. 25 ნოემბრის დღის წესრიგის დარჩენილი საკითხების შესაბამისად:
ჩამოყალიბდება ფრაქციები; დაასახელებენ პარლამენტის თავმჯდომარის და მოადგილეობის კანდიდატებს. თავმჯდომარედ, როგორც ცნობილია, კვლავ შალვა პაპუაშვილს წარადგენენ; ჩამოყალიბდება კომიტეტები; აირჩევენ კომიტეტების თავმჯდომარეებს.
სხდომას არ ესწრებიან დიპლომატები - „ქართულ ოცნებას“ ისინი არ მიუწვევია პარლამენტში.
საერთაშორისო პარტნიორები არჩევნებზე დარღვევების და დარღვევებზე სახელმწიფოს რეაგირების შემსწავლელი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.