შეერთებული შტატების ელჩი: მტკიცედ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", გადახედოს საკუთარ ქმედებებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ელჩ რობინ დანიგანის განცხადებას, რომლითაც დიპლომატი ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერებაზე და მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.
"სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება არ გეგმავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ბოლოა იმ ქმედებათაგან, რომელიც ამ მთავრობის ერთგულებას დასავლური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ განცხადებამ კრემლის მყისიერი შექება დაიმსახურა.
გუშინ ღამით, ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. მოვუწოდებ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებასა და პრესის თავისუფლებას პროტესტის უსაფრთხოდ გასაშუქებლად", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში. ის საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ სწორედ მთავრობაზეა დამოკიდებული, ნაბიჯები გადადგას იმ დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების გამოსასწორებლად, რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტია უჭერენ მხარს.
"მტკიცედ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გადახედოს საკუთარ ქმედებებს და დააბრუნოს საქართველო ევროკავშირის, დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე, რაც საქართველოს მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობის სურვილია", - წერს რობინ დანიგანი.
გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.
აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.