თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნება
30 ნოემბრის 18:30-ისთვის განცხადებას ხელს 130 თანამშრომელი აწერს. მათი რიცხვი მზარდია. განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ.
განცხადებაში წერია:
„ვემიჯნებით საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა.
ჩვენ, ვიყავით, ვართ და ვრჩებით ჩვენი მოქალაქეების, კონსტიტუციის, იმ ევროპული ღირებულებებისა და კურსის ერთგულნი, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული და ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას“.
საჯარო თუ კერძო ორგანიზაციები განცხადებებს ავრცელებენ და ევროკავშირთან მოლაპარაკების შეწყვეტას გმობენ. საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილმა.
სასწავლო პროცესს აჩერებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, ილიაუნი, საქართველოს უნივერსიტეტი.
განცხადებას ავრცელებენ თსუ-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრები, სადაც ნათქვამია, რომ გმობენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროინტეგრაციას შეაფერხებს.
საერთო განცხადება გააკეთეს თბილისის კლუბებმა. მათ სისტემის მსხვერპლებსა და მძევლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება მოითხოვეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინწინ, 28 ნოემბერს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.
29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.