სირიისა და რუსეთის საავიაციო ძალებმა მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს ალეპოში
სააგენტოს ცნობაში აღნიშნულია, რომ დაბომბვა ასევე შეეხო სხვა ქალაქებსა და პატარა დასახლებებს, რომელთა დაკავება მოახერხეს ასადის მოწინააღმდეგეებმა 27 ნოემბრის შემდეგ მოულოდნელი შეტევის დროს.
გარდა ამისა, Reuters-ი სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სირიის ხელისუფლებამ დახურა ალეპოს აეროპორტი, ასევე ქალაქამდე მიმავალი ყველა გზა.
პარასკევს ჯიჰადისტებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ასადის არმიას, და მათმა მოკავშირეებმა, რომელთა ნაწილს თურქეთი უჭერს მხარს, გაარღვიეს სამთავრობო თავდაცვის ხაზი ალეპოში და დიდი წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ ქალაქის დასავლეთ ნაწილში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ მიაღწიეს მის ცენტრალურ რაიონებს. სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, რომელსაც დიდ ბრიტანეთში უდევს ბინა, შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკვე დააწესეს კონტროლი „ქალაქის ნახევარზე“, ხოლო სამთავრობო ჯარებმა უკანდახევა დაიწყეს.
სირიის უდიდეს ქალაქ ალეპოში ეს პირველი ასეთი შეტაკებაა 2016 წლის შემდეგ.
„სირიის ჯარები უმეტესწილად წინააღმდეგობას არ სწევენ და უბრალოდ გარბიან, ტოვებენ ტექნიკას და საბრძოლო მასალას“, - აღნიშნავს პროექტი Colonelcassad. სოციალურ ქსელში გამოჩნდა მეამბოხეების სურათები ალეპოს ციტადელთან, ქალაქის ისტორიულ ცენტრში. ასევე გაჩნდა ვიდეო, რომელშიც, როგორც ამტკიცებენ, ასახულია, როგორ ანგრევენ ამბოხებულები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარდაცვლილი ძმის ქანდაკებას.
სირიის სახელმწიფო მედია ირწმუნება, რომ „ტერორისტებმა“, მათ შორის მათმა „მძინარე უჯრედებმა“, შეაღწიეს ქალაქის ნაწილებში და რომ სამთავრობო ძალებმა დაიწყეს მათი დევნა. ამავე დროს, ასადის მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ, რომლებიც პოზირებდნენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან.
რუსეთის ომის მომხრე ტელეგრამის ზოგიერთმა არხმა დაწერა ბრძოლაში რუსეთის ჯარისკაცების დაუდგენელი რაოდენობის დაღუპვის შესახებ.
ასადის რეჟიმს მხარს უჭერენ ირანი, რუსეთი და ლიბანური რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.
დამასკის მოწინააღმდეგე ძალების ამჟამინდელ შეტევას ხელმძღვანელობს ისლამისტური დაჯგუფება „ჰაიატ ტაჰრირ ალ-შამი. ისიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში. ასადის მოწინააღმდეგე ძალების ფართომასშტაბიანი წინსვლა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, ალეპოსა და იდლიბის პროვინციებში დაიწყო იმავე დღეს, როდესაც მეზობელ ლიბანში ძალაში შევიდა პროირანულ ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ბოლო სამი დღის განმავლობაში ასადის მოწინააღმდეგეებმა კონტროლი დააწესეს ათობით სოფელსა და ქალაქზე, აღნიშნავს AP.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი დამასკს დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდა ამბოხებულებისთვის ხელის შესაშლელად. ახალი აღჭურვილობა, როგორც აღნიშნავენ, უახლოეს 72 საათში დაიწყებს ჩასვლას.
რუსეთს, ბაშარ ალ-ასადის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს, აქვს საჰაერო ბაზა ჰმეიმიმის აეროდრომზე და საზღვაო ბაზა სირიის ტარტუსის პორტში. ხმელთაშუა ზღვაში მუდმივ რეჟიმში მოქმედებს რუსული ესკადრა.
რუსეთის ჯარები სირიაში საომარ მოქმედებებში ჩაერთნენ 2015 წლიდან, როდესაც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა სამოქალაქო ომის დროს ასადის მოწინააღმდეგეების პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. დარტყმები ხორციელდებოდა როგორც ტერორისტებად აღიარებულ ჯგუფებზე, ასევე ასადის ზომიერ მოწინააღმდეგეებზე. გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოს დაბომბვას მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. სირიის სამთავრობო ძალებმა რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით მოახერხეს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის დაწესება. რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით დადებული ზავი 2020 წლიდან მოქმედებს.