საჯარო სექტორში დასაქმებულები გმობენ "პროტესტის არაპროპორციულ დარბევას"
საჯარო სექტორის თანამშრომლები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ემიჯნებიან ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერებაზე და მკაცრად გმობენ "საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევას".
"ვადასტურებთ, ჩვენს განუხრელ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, არაერთხელ მკაფიოდ გამოხატული ნების მიმართ! ვემსახურებით საქართველოს!" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სამასამდე თანამშრომელი აწერს.
3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიერ პროტესტის ნიშნად გავრცელებულ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილება, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
28 ნოემბრიდან მოყოლებული, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.