ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინის, ილია ღლონტის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა
უწყების თანამშრომლებმა დალუქეს და წაიღეს მისი პირადი ტელეფონი და ლეპტოპი.
შსს-ს თანამშრომლებმა ილია ღლონტის ადვოკატს განუმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული: 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და 239-ე პრიმა - ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით.
"ჩემი მთელი საქმიანობა არის საჯარო. ხვალ, ზეგ თავისუფალი აზრის გამოხატვის გამო, იმის გამო, რომ ფეისბუკზე თქვენს დამოუკიდებელ აზრს დაწერთ თუ დამოუკიდებელ შეხედულებას, ამის გამო მოგადგებიან თქვენც.
ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევშინდეთ. ბრძოლა ახლა იწყება. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ეს არის რიგითი ადამიანების მიმართ ძალადობა, დაშინება, უნდათ, რომ ვიღაცამ შეაჩეროს მოქმედება.
დაკავებისა და ყველანაირი საფრთხეც, რა თქმა უნდა, იქნება. ეს არის დაშინება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი", - უთხრა ჩხრეკის დასრულების შემდეგ ილია ღლონტმა ჟურნალისტებს.
ფეისბუკჯგუფი „დაიტოვე“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების პარალელურად, 30 აპრილს შეიქმნა.
მაშინ ჯგუფში ზიარდებოდა ინფორმაცია რეგიონებიდან ჩამოსული აქციის მონაწილეების საჭიროებების, მათთვის დედაქალაქში დასარჩენი სივრცეების შესახებ.
დღეის მდგომარეობით, ჯგუფი 236 ათასზე მეტ წევრს აერთიანებს.
ჯგუფის წესებით, რომლებიც წევრებისთვის საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ჯგუფში აკრძალულია ისეთი მოწოდებების გავრცელება, რომლებიც შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს ან მოუწოდებს მონაწილეებს სამართალდარღვევისკენ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფეისბუკჯგუფმა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქცია მოაწყო და მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, გზის გადაკეტვის მუხლით, სასამართლომ ამ აქციის არაერთი მონაწილე დააჯარიმა.
ბოლო დღეებში, მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციები იმართება, ჯგუფ „დაიტოვეში“ ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტების საჭიროებების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩხრეკას ატარებს ოპოზიციური პარტიების, „ახლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში.
ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.