გიორგი გვიმრაძემ დატოვა ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე
ეს ინფორმაცია, რომელიც რადიო თავისუფლებას ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, 4 დეკემბერს დაგვიდასტურეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს.
გვიმრაძეს, მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორობის გარდა, მიჰყავდა გადაცემა „42-ე პარალელი“.
რადიო თავისუფლება ცდილობს თავად გიორგი გვიმრაძესთან დაკავშირებას და მიზეზის გარკვევას.
4 დეკემბერს, 12:00 საათზე, მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ ინტერვიუზე კიმბერლი ლოუსთან, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში - ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, - დაწერა გვიმრაძემ.
ამავე დროს, გვიმრაძე ამბობს, რომ ლოუს პირადად ის ესაუბრა: „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი“, - დაწერა მან.
კიმბერლი ლოუს შესახებ არ იძებნება ინფორმაცია არც მისი რაიმე ფორმით შესაძლო დასაქმებაზე ტრამპის ადმინისტრაციაში და არც ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლობაზე. ინტერვიუში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, იგი ამბობს, რომ „შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ“.
ამ ინტერვიუდან ციტატები გაავრცელეს სხვა პროსახელისუფლებო ტელეარხებმაც, მათ შორის „იმედმა“: „ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“, - ამბობდა ლოუ.
პოსტის დატოვების გადაწყვეტილებამდე ოთხი დღით ადრე, 30 ნოემბერს, გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პროტესტის ნიშნად შესულ მოქალაქეს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს, ხელი ჰკრა.
„გვიმრაძესთან მივედი და პასუხს ვთხოვდი კადრებზე, რაც პირველი არხის ეთერში გავიდა. ვეკითხებოდი, რატომ მოხდა ეს კადრები მათ ეთერში. ამაზე გაღიზიანდა ძალიან, თითი მივადე და ამაზე აყვირდა - ხელს ნუ მახლებო, მკრა ხელი და მეც დავარტყი სახეში. მაგინებდა, საცემად იწევდა, ხელი მოიქნია კიდევაც, უბრალოდ გააკავეს“, - თქვა კაკაბაძემ.
იმავე დღეს, ნინია კაკაბაძის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა შეურაცხყოფა მიაყენა შენობაში მყოფ ქალს.
„შეგიძლია ამილოკო... რატო, ვითომ არ იცი?.. მაგარი დარწმუნებული ვარ, მაგარს ლოკავ“, - უთხრა გვიმრაძემ მოქალაქეს, დოდი ხარხელს.
საქართველოში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები მე-7 დღეა გრძელდება.