ბაშარ ალ-ასადმა პირველი განცხადება გაავრცელა მოსკოვში გაქცევის შემდეგ
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასადი დამასკში 8 დეკემბრის დილამდე დარჩა და მას მერე, რაც ისლამისტები ქალაქში უფრო ღრმად შევიდნენ, ის რუსეთის ავიაბაზა ხმეიმიმზე გადავიდა. 8 დეკემბერს საღამოს ის იქიდან მოსკოვში გაფრინდა.
სირიის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში სასწრაფო ევაკუაციის ორგანიზება მას მოსკოვმა შესთავაზა. „ეს მოხდა დამასკის დაცემის მეორე დღეს, ბოლო სამხედრო პოზიციების დაცემის და, შედეგად, ყველა დარჩენილი სახელმწიფო ინსტიტუტის პარალიზების შემდეგ“, - ნათქვამია ცნობაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სირიაში ანტისამთავრობო ჯგუფების თავდასხმის ფონზე განვითარებული მოვლენების დროს ასადი არ განიხილავდა გადადგომის და ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობას.
„როდესაც სახელმწიფო ტერორისტების ხელში აღმოჩნდება, თავის აზრს კარგავს ნებისმიერი თანამდებობა, რაც მასზე ყოფნას უაზრობად აქცევს,“ აღნიშნა ასადმა. მან ასევე დაწერა, რომ კვლავ ღრმა კავშირს გრძნობს სირიასთან და იმედოვნებს, რომ ქვეყანა „ისევ გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი“.
განცხადების გამოქვეყნების ადგილად მითითებულია მოსკოვი და ის 16 დეკემბრითაა დათარიღებული.
იმის შესახებ, რომ რუსეთმა დაარწმუნა ბაშარ ალ-ასადი სირიიდან გაქცეულიყო, გასულ კვირაში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა Bloomberg-ი. ამ ცნობის თანახმად, მას მერე, რაც ასადი დათანხმდა სირიის დაუყოვნებლივ დატოვებას, მისი გაქცევა 7-დან 8 დეკემბრის ღამით მოაწყვეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. იმავე დღის საღამოს რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ასადი და მისი ოჯახი იმყოფებოდნენ რუსეთში, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.
რუსეთი ასადის მხარეზე მონაწილეობდა სირიის სამოქალაქო ომში. სირიაში განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ასადის რეჟიმის დაცემის შესახებ ჯერ არ აკეთებს კომენტარს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ასადის დაცემა, სხვა საკითხებთან ერთად, ირანისა და რუსეთის დასუსტების წყალობით გახდა შესაძლებელი.