რუსეთის უშიშროება ირწმუნება, რომ დააკავეს გენერალ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დღეს, 18 დეკემბერს, გამოაცხადა, რომ დაკავებულია შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის და მისი თანაშემწის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი.
რუსეთის უშიშროების თანახმად, მოსკოვის მახლობლად დააკავეს 29 წლის მამაკაცი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა და უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილმა მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე სახლთან ელექტროსკუტერზე დამონტაჟებული თვითნაკეთი მოწყობილობა დისტანციურად ააფეთქა, რის შედეგადაც დაიღუპნენ გენერალი კირილოვი და მისი თანაშემწე, მაიორი პოლიკარპოვი.
რუსული უშიშროების მტკიცებით, მკვლელობის სანაცვლოდ უკრაინის სპეცსამსახურებიდან უზბეკეთის მოქალაქეს დაჰპირდნენ 100 ათას დოლარს და ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში საცხოვრებლად გადაყვანას. რამდენად შეესაბამება ეს ცნობები რეალობას, დამოუკიდებელი წყაროებით ამის გადამოწმება გართულებულია.
უკრაინას რუსეთის განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.
მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექსთან აფეთქება 17 დეკემბერს, დილით მოხდა. დაიღუპნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის სადარბაზოსთან, სკუტერში იყო დამონტაჟებული. სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღიძრა.
უკრაინის და დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალებამ უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელზე დაყრდნობით 17 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ გენერალ კირილოვის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. წყაროს თანახმად, კირილოვი, როგორც სამხედრო დამნაშავე, კანონიერი სამიზნე იყო, რადგან უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებებს გასცემდა.
იგორ კირილოვი რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარებს 2017 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გენერალმა კირილოვმა მტკიცებულებების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ კიევს კავშირი აქვს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასთან.
გენერალი კირილოვი სანქცირებული იყო უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
მოსკოვში მომხდარ აფეთქებამდე ერთი დღით ადრე, 16 დეკემბერს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იგორ კირილოვი ეჭვმიტანილად გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებების გაცემის გამო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაფიქსირებულია ქიმიური ნივთიერებების შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენების 4,8 ათასი შემთხვევა.
გენერალი კირილოვი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თბილისში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასაც ბრალს სდებდა საშიში დაავადებების გავრცელებაში.