ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოშია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები.
ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.
საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას - თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას.
საქართველოში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. საპოლიციო ძალებმა სპეცსაშუალებების გამოყენებით აქციები არაერთხელ დაშალეს და 400-ზე მეტი პირი დააკავეს.
შსს-ს თანახმად, ძალა და სპეცსაშუალებები დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. თუმცა, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა განხორციელდა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც. დაშავდა მედიის არაერთი წარმომადგენელიც.
გენერალური მდივნის ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოსა და საქართველოს თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.
ევროსაბჭოს განცხადებით, საქართველომ, როგორც ორგანიზაციის წევრმა ქვეყანამ, პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ ვალდებულებებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას, რაც არსებითია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის და გენერალურ მდივანს შესაძლებლობა ჰქონდა, ეს სრული სიცხადით გაემეორებინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ბოლო სატელეფონო საუბრების დროს.
ევროსაბჭოს თანახმად, 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენილია საქართველოს ხელისუფლებასთან პარტნიორობით და მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირებას. ევროპის საბჭო მოწოდებულია, მხარდაჭერა მოარგოს ადგილზე არსებულ რეალობას სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, პრიორიტეტები კი უნდა აისახოს რეფორმების ეროვნულ პროგრამაში.
საქართველოში ვიზიტისას, რომელიც 21 დეკემბერს დასრულდება, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, მის შედეგად დაკომპლექტებულ მთავრობას და კოლეგიის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ისინი ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმყოფება სტრასბურგში, სადაც დღეს, 18 დეკემბერს, ევროპარლამენტს მიმართავს.