AP: კურსკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა ასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი
ეს რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოკორეული კონტინგენტის დანაკარგების პირველი შეფასებაა.
სააგენტოს თანამოსაუბრემ არ დაასახელა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, მაგრამ აღნიშნა მნიშვნელოვანი დანაკარგები ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს შორის, საომარი გამოცდილების ნაკლებობის გამო.
აშშ-ის ცნობით, ბრძოლებში ჩრდილოეთ კორეის ქვეითი ჯარია ჩართული. ისინი მოქმედებენ როგორც რუსეთის არმიის ქვედანაყოფებთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად.
მანამდე პენტაგონმა და თეთრმა სახლმა გამოაცხადეს კურსკის რეგიონში პირველ ბრძოლებში ჩრდილოეთ კორეის ჯარის დანაკარგებზე, მაგრამ რიცხვები არ დაუზუსტებიათ. Associated Press-ი ირწმუნება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი ყოველდღიურად კარგავს 1200-მდე მოკლულს და დაჭრილს, მაგრამ დანაკარგის აღდგენას ჯერჯერობით ახერხებს. აშშ-სა და სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, ოქტომბერში ჩრდილოეთ კორეის 10-დან 12 ათასამდე ჯარისკაცი ჩავიდა რუსეთში და განთავსდა კურსკის რეგიონში.
AP-ის შეფასებით, რუსეთის ჯარმა დაიბრუნა კურსკის რეგიონის ტერიტორიის 20%, რომელიც უკრაინის არმიამ დაიკავა აგვისტოს შეტევის დროს.