უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაზე დარტყმა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღეს, 19 დეკემბერს, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის საშუალებებით დაარტყეს რუსეთის სტრატეგიულ ობიექტს, როსტოვის ოლქში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანას.
კონკრეტულად რა საშუალებები იყო გამოყენებული, უკრაინის გენშტაბი არ ასახელებს. მისი ინფორმაციით, დადასტურებულია ხანძრის ფაქტი ქარხნის კრეკინგზე, სხვა შედეგები კი ჯერ დაზუსტების ეტაპზეა.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ნოვოშახტინსკის ქარხანას თავისი არმიის საჭიროებებისთვის იყენებს.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იური სლუსარის ინფორმაციით, გასულ ღამით, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია დილის შვიდი საათისთვის დასრულდა. სლუსარის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის თანახმად, ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა როსტოვის ოლქს შეუტიეს 30-ზე მეტი დრონით და 3 რაკეტით. რაკეტების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომლის მიხედვით, ღამის განმავლობაში 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს და მათგან 36 როსტოვის ოლქში.
ნოვოშახტინსკში, რომელიც უკრაინის ლუგანსკის ოლქს ესაზღვრება, მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი მოქმედი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ის რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია.
2022 წლის ზაფხულიდან ამ ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი შეტევა იყო.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.