რუსეთმა კიევზე დარტყმას უწოდა პასუხი როსტოვის ოლქზე ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით შეტევაზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დღეს კიევში დაარტყეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მართვის პუნქტს და სამხედრო დანიშნულების კიდევ რამდენიმე ობიექტს.
სამინისტროს თანახმად, ეს იყო პასუხი უკრაინის ტერიტორიიდან ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით(ATACMS და Storm Shadow) როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკის ქიმიურ კომბინატზე 18 დეკემბერს განხორციელებულ შეტევაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით „ჯგუფური დარტყმა მიაყენეს“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მართვის პუნქტს, კიევის კონსტრუქტორთა ბიურო „ლუჩს“, რომელიც აწარმოებს რაკეტებს, „ნეპტუნს“ და „ოლხას“ და საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ს. რუსეთის მტკიცებით, „დარტყმის მიზნები მიღწეულია“.
უკრაინას რუსეთის მიერ ჩამოთვლილ ობიექტებზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
კიევზე სარაკეტო შეტევა დღეს, 20 დეკემბერს, დილით განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა ქალაქის რამდენიმე რაიონში ხანძრები გამოიწვია.
კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათამდე ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საოფისე შენობები, მილსადენები და ავტომობილები.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს ვორონეჟის და ბრიანსკის ოლქებიდან შეუტიეს ხუთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“. სარდლობის განცხადებით, საჰაერო თავდაცვამ ხუთივე რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა, ნამსხვრევებმა კიევის ხუთ რაიონს ზიანი მიაყენა და მსხვერპლი გამოიწვია. სხვა დეტალებს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა არ აკონკრეტებს.