HRW: თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა
ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში უხეშ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.
პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი დაზარალებულები, რომლებსაც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ, მიუთითებენ, რომ მიიღეს ტვინის შერყევა, ცხვირის, სახის ძვლების და კიდურების მოტეხილობა და სხვა ტრავმები.
Human Rights Watch-ი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები აღჭურვილი იყვნენ დამცავი საშუალებებით, შავი ნიღბებით და არ ჰქონდათ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი.
ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების ასეულობით მონაწილეს ბრალი დასდო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, სასამართლოში ამ საქმეების განხილვა კი ზედაპირული იყო და არანაირი ეფექტიანი ზომები არ ყოფილა მიღებული სასტიკი მოპყრობის შესახებ სერიოზული ბრალდებების განსახილველად.
Human Rights Watch-ის ევროპის და შუა აზიის განყოფილების დირექტორ ჰიუ უილიამსონის განცხადებით, დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სასტიკი მოპყრობის მასშტაბი და ხელისუფლების უუნარობა, ამ პირებს პასუხიმგებლობა დააკისროს, მიუთითებს, რომ ძალადობა სანქცირებული იყო, ან ხელისუფლება ძალადობას ამართლებს.
Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სპეცრაზმელები და სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან კავშირის მქონე აგრესიული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებსაც ხელს უშლიდნენ მოვლენების გაშუქებაში.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შედეგად ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორდენებით დააჯილდოვებს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებსაც დასავლეთმა რეპრესიებისთვის სანქციები დაუწესა. Human Rights Watch-ის შეფასებით, გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ძალადობაში დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვალდებულების უგულებელყოფას.