„გადავდივარ სხვა ოპოზიციურ არხზე“ - ნანუკა ჟორჟოლიანმა „მთავარი არხი“ დატოვა
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დატოვა „მთავარი არხი“, რომელზეც დაფუძნების დღიდან გადიოდა მისი გადაცემა.
ეს ინფორმაცია მან რადიო თავისუფლებას 25 დეკემბერს დაუდასტურა. „გადავდივარ სხვა ოპოზიციურ არხზე“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მან თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“, ისე ტელეკომპანია „პირველთან“.
„ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
კითხვაზე, თუ რა მიზეზით ტოვებს ტელეკომპანია „მთავარ არხს“, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ახლა ამაზე არ ისაუბრებს:
„მგონია, რომ ახლა მაგ დეტალებზე საუბრის დრო არ არის. ეს ამბები რომ ჩაივლის და რომ გავიმარჯვებთ, მერე მოვყვები“, - ამბობს ის.
მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ეს ამბავი არ უკავშირდება ტელეკომპანიაში არსებულ დავას მფლობელებს შორის“.
„როგორც იცით, [ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა] ოქუაშვილმა მე დამასახელა დირექტორობის კანდიდატად, მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო ის, რომ ეს ამბავი ფეისბუქით გავიგე. ამ თემას ჩემი წასმოვლა არ დაუკავშიროთ. საბედნიეროდ, ეს ამბავი მე არ მიკავშირდება. მე ორი წელია არ ვარ არხის თანამშრომელი. გარედან ვაწოდებდი პროდუქტს არხს“, - დაწერა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია, ტელეარხის დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი და ამას „ძალიან საწყენი“ უწოდა.
„რა თქმა უნდა, ძალიან ძალინ საწყენია, მაგრამ წარმატებებს ვუსურევებ ნანუკა ჟორჟოლიანს. ცხადია, მეგობრობა სამსახურის გამო არ მთავრდება“, - დაწერა მან ფეისბუკზე.
„მთავარი არხი“ 2019 წლის აგვისტოში დაარსდა, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2-ის“ მფლობელი შეიცვალა და ქიბარ ხალვაში გახდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მანამდე „რუსთავი 2-ზე“ მუშაობდა, „მთავარ არხზე“ სხვა კოლეგებთან ერთად გადავიდა. მას ამ დრომდე მიჰყავდა გადაცემა „სხვა ნანუკა“.
24 დეკემბერს საჯარო რეესტრში შევიდა განცხადება, რომლითაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას გადაყენების რეგისტრაცია მოითხოვა.
ოქუაშვილის წარმომადგენელმა, გოგი ქურდაძემ, - რომელიც კომპანიის თანადირექტორია, - სარეგისტრაციო წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის წერს: „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დაარსების დღიდან ნიკა გვარამია იყო. მას შემდეგ, რაც 2022 წლის 16 მარტს გვარამიას 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმეზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თანახმად, პოლიტიკურად მოტივირებული იყო, - გენერალური დირექტორის პოზიცია გიორგი გაბუნიამ დაიკავა.
გაბუნიამ პოსტზე მუშაობა გააგრძელა მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 22 ივნისს გვარამია შეიწყალა.
გვარამიამ კი პოლიტიკური პარტია „ახალი“ დააფუძნა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად. პარტია გაერთიანდა ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და ელენე ხოშტარიას „დროასთან“. მათ არჩევნებში ერთად მიიღეს მონაწილეობა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ - ასე ჰქვია მათ პოლიტიკურ ჯგუფს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთია იმ ოთხ ბარიერგადალახულ პარტიას შორის, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მხარს უჭერენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებს, რომლებიც 28-ე დღეა, იმართება.