შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის გამო პუტინმა ფედერალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მანამდე, ერთი დღით ადრე, 25 დეკემბერს, რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა. აქსიონოვის თქმით, მაზუთის ზღვაში ჩაღვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა სახსრები ფედერალური ბიუჯეტიდან.
17 დეკემბრიდან ანაპასა და ტემრიუკში ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაცია უკვე მოქმედებდა. 21 დეკემბერს, როცა ზღვაში ჩაღვრილმა ნავთობპროდუქტებმა სანაპიროს მიაღწიეს, საგანგებო ვითარება გამოცხადდა ქერჩშიც.
ანაპასა და ტემრიუკის რაიონში სანაპიროს წმენდა 54 კილომეტრიან ზოლზე ხდება, მასში მაშველებთან ერთად მოხალისეები არიან ჩართული. სულ მათი რიცხვი ოთხი ათასს აღწევს. უკვე შეგროვებულია ათეულ ათასობით ტონა დაბინძურებული ქვიშა, მისი დიდი ნაწილი გატანილი პლაჟებიდან. „ვოლგონეფტის“ ორმა ტანკერმა, რომლებიც მაზუთით იყვნენ დატვირთული, კატასტროფა განიცადეს ქერჩის სრუტეში 15 დეკემბერს - მთავარი ვერსიით - შტორმის გამო. ბუნების დამცველი ორგანიზაციის Greenpeace-ის თანახმად, თუ ნავთობპროდუქტები დაიღვრება ტანკერებიდან, ეს დაახლოებით რვა ათასი ტონა მაზუთია, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი ტექნოგენური კატასტროფა შავ ზღვაში.
ტანკერების ჩაძირვის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოცემა ბათუმელები იტყობინებოდა შავ ზღვაში, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, კრასნოდარის მხარეში გარემოსდამცველების მიერ 19 მკვდარი დელფინის გამორიყვის შესახებ. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება რუსული ნავთობტანკერების ჩაძირვას. გამოცემა იმოწმებს, BBC-ის, რომელიც რუსი გარემოსდამცველების ჯგუფის, Delfacenter-ის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დელფინების მასობრივი გამორიყვაა. სამეცნიერო-ეკოლოგიური ცენტრი „დელფა“ წერს, რომ გამორიყული დელფინების ნაწილს სხეულზე აღენიშნებათ მაზუთის ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანს კი მაზუთის მცირე ფრაგმენტი უპოვეს სასუნთქ გზებში.